Loading...

შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2017 წლიდან ახორციელებს უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევებს. კვლევის მიზანია ადამიანისეული კაპიტალის უნარებზე საწარმოების მოთხოვნის გამოვლენა, რომელთა გათვალისწინებაც ხელს შეუწყობს უნარებთან მიმართებით შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული შეუსაბამობის აღმოფხვრას. 


კვლევა ტარდება ორი მიმართულებით: ეკონომიკის სრული მოცვითა და კონკრეტული პრიორიტეტული სექტორების მიხედვით. კვლევის მეთოდოლოგია ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. კერძოდ, ევროპის სასწავლო ფონდის (ETF), შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა (ILO) და პროფესიული სწავლების განვითარების ევროპული ცენტრის (CEDEFOP) მიერ მომზადებულ სახელმძღვანელოს. 


კვლევის ამოცანები მოიცავს ფართო სპექტრს და სექციების მიხედვით შეისწავლის შემდეგ საკითხებს: 


სექცია 1: დასაქმების სტრუქტურა 

სექცია 2: დასაქმებულთა პროფესიული უნარების შეფასება 

სექცია 3: ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ 

სექცია 4: მოთხოვნა სამუშაო ძალაზე 

სექცია 5: სამუშაო ძალის გადამზადება 

სექცია 6: პროფესიული განათლება 

სექცია 7: დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები 

სექცია 8: პირველი სამუშაოს მაძიებლები 

სექცია 9: თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება 


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აანალიზებს კვლევის შედეგებს, პრეზენტაციის სახით წარუდგენს ფართო აუდიტორიას და აქვეყნებს ნარატიულ ანგარიშს. 


კვლევის შედეგების ხელმისაწვდომებისა და გამოყენების გაზრდის მიზნით, დღის წესრიგში დადგა კვლევის გაციფრულებისთვის სპეციალური ვებ-პორტალის შექმნა, რომელიც საშუალებას მისცემს მომხმარებლებს მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, სასურველ ფორმასა და ჭრილში. 


წინამდებარე ვებ-პორტალი შეიქმნა, რათა გაიზარდოს ჩატარებული კვლევების ეფექტიანობა, ამაღლდეს მათი შედეგების პროფესიული გამოყენების ხარისხი და მომხმარებელზე ორიენტირებულობა. 


ვებ-პორტალი მომზადდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მჭიდრო თანამშრომლობით. 

ხშირად დასმული კითხვები

უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევა წარმოადგენს საწარმოთა საჭიროების შესწავლას უნარებთან დაკავშირებით. კვლევა იძლევა ინფორმაციას დასაქმების სტრუქტურის თაობაზე დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორის ((ISCO 08) პროფესიული ჯგუფების), ეკონომიკურ საქმიანობათა სახეების (NACE rev. 2), რეგიონების, საწარმოთა ზომების, განათლების მიღწეული დონეების (საშუალო, პროფესიული და უმაღლესი) და სქესის მიხედვით. ასევე იძლევა ინფორმაციას იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც თან ახლავს პროფესიული ჯგუფების მიხედვით სამუშაო ძალის მოძიებას, თუ რა წყაროზე დაყრდნობით აჰყავთ საწარმოებს ადამიანები, რა უნარები აკლიათ აპლიკანტებს, რა ზომებს მიმართავენ საწარმოები სამუშაო ძალის უნარების განვითარების კუთხით. კვლევა ასევე ავლენს ახალი თანამშრომლების დაქირავების შესაძლებლობებს, არსებული ვაკანსიების რაოდენობას, სამუშაო ძალის მოთხოვნის ზრდისა და შემცირების ტენდენციებს, მათ გამომწვევ მიზეზებს, საწარმოებში პროფესიული განათლების მქონე ადამიანების დასაქმების მაჩვენებელს, პროფესიულ სასწავლებლებთან კომპანიების თანამშრომლობის ფორმებს, მათ დამოკიდებულებას პროფესიული სწავლების მიმართ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმების ტენდენციებს, მათი დასაქმების გამომწვევ მიზეზებს, საწარმოთა განწყობას პირველი სამუშაოს მაძიებელი პირების მიმართ, საწარმოთა მიერ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების და აღნიშნულიდან გამომდინარე სამუშაო ძალაზე შესაძლო მოთხოვნის ზრდას ან შემცირებას.

კვლევა ტარდება ეკონომიკის სრული მოცვით ორ წელიწადში ერთხელ და შუალედში ტარდება პრიორიტეტულ სექტორზე ორიენტირებული კვლევები.

უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევის ადამიანისეული კაპიტალის უნარებზე საწარმოების მოთხოვნის გამოვლენა, რომელთა გათვალისწინებაც ხელს შეუწყობს უნარებთან მიმართებით შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული შეუსაბამობის აღმოფხვრას.

კვლევის ობიექტია იმ მოთხოვნადი პროფესიული უნარების შესწავლა, რომელსაც მოითხოვს დამსაქმებელი და რომელიც აუცილებელია პიროვნების დასაქმებისა და სამუშაოს კვალიფიციურად შესრულებისთვის.

კვლევის სუბიექტს წარმოადგენს საქართველოში მოქმედი არაფინანსური და ფინანსური კორპორაციები. 

კვლევის ამოცანები მოიცავს შემდეგი საკითხების შესწავლას: სექცია 1: დასაქმების სტრუქტურასექცია 2: დასაქმებულთა პროფესიული უნარების შეფასებასექცია 3: ინფორმაცია ვაკანსიების შესახებსექცია 4: მოთხოვნა სამუშაო ძალაზესექცია 5: სამუშაო ძალის გადამზადებასექცია 6: პროფესიული განათლებასექცია 7: დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისექცია 8: პირველი სამუშაოს მაძიებლებისექცია 9: თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და მისი გავლენა დასაქმებაზე

მსხვილი და საშუალო ზომის საწარმოები წარმოდგენილნი არიან სრული მოცვით, ხოლო მცირე ზომის საწარმოების შერჩევა ხორციელდება შემთხვევითი სტრატიფიცირებული შერჩევით. შერჩევის გენერალური ერთობლიობა მოიცავს იმ საწარმოებს, რომლებშიც დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა შეადგენს ორ ან მეტ ერთეულს.

კვლევა ეფუძნება შაწარმოთა ზომის შესახებ „საქსტატის“ მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს. კერძოდ, მსხვილ საწარმოებს განეკუთვნება საწარმო, სადაც დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა აღემატება 249 კაცს ან საშუალო წლიური ბრუნვის მოცულობა 60 მლნ ლარს. საშუალო ზომის საწარმოებს მიეკუთვნება საწარმო, რომელშიც დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენს 50‐დან 250 კაცამდე, ხოლო საშუალო წლიური ბრუნვის მოცულობა – 12 მლნ ლარიდან 60 მლნ ლარამდე. მცირე ზომის საწარმოებს მიეკუთვნება საწარმო, რომელშიც დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა არ აღემატება 50 დასაქმებულს და საშუალო წლიური ბრუნვის მოცულობა არ აღემატება 12 მლნ ლარს.